მე ვიცი ერთი, რომ ძალიან ბევრს უნდა პარლამენტში შემოსვლა და წვალობენ, ხან რას იძახიან, ხან რას, რომ ადრე ნათქვამი სიტყვებისგან გამოძვრნენ და პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეები“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პარლამენტის მუშაობაში ჩართვაზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფარული მოლაპარაკებები აქვს.
„ჩვენ არაფერი გვქონდა დასამალი და „ქართულ ოცნებას“ პირისპირ, კამერების თანდასწრებით შევხვდით. სხვები როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მოვუწოდებ მათ, მართლა მოეშვან და საკითხს უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა 29 იანვარს გადაწყვიტეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს.
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.