ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო და გრძელდება საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
დღეს მოისმინეს ფრაქციის „მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისთვის“ წევრების გაწეული მუშაობის ანგარიში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ მოსმენის დაწყებამდე, მოკლედ ისაუბრა ფრაქციის ლეიბორისტი წევრის დათო მამალაძის შესახებ.
_ ის ჩვენი საკრებულოს აქტიური წევრია. მთელი წლის განმავლობაში, ყველა სხდომას ესწრება და ჩართულია ყველა პრობლემური საკითხის გადაჭრაში. ახლა კი ანგარიშს წარმოგიდგენთ, – თქვა მან.
დათო მამალაძემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს და ჩვეული რიტორიკით დაიწყო ანგარიშის წარდგენა:
_მოგეხსენებათ, ჩვენ პოსტსაარჩევნო პირობებში ვმუშაობდით. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ცოტა გაბრაზებულიც კი ვიყავი, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ისინი ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან და ვისაც დანაშაული არ მიუძღვის, უდანაშაულო საბოლოოდ ნავსაყუდელს იპოვის ჩვენს პარტიაში, _ ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანება უწინასწარმეტყველა მან ოზურგეთის საკრებულოს წევრებს.
დათო მამალაძემ ისაუბრა სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ, რომელთა ირგვლივ აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკრებულოს სხდომების მსვლელობისას, მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მან თქვა, რომ მომავალშიც აქტიურად დაიცავს მშრომელი ადამიანების ინტერესებს.
ანგარიშის მოსმენა პირდაპირი ტრანსლაციის დროს, მოსახლეობისგან შემოსულ რამდენიმე კითხვას: „თავად თუ სჯერა, რასაც ამბობს“ და „შეკვეთილში გზა როდის დაიგებაო“, დათო მამ ალაძემ მხიარულად უპასუხა:
_ ერთი , ვინც ასეთ კითხვას მისვამს, არის ტროლი, ქოცპარტიიდან, მეორე კითხვაზე კი ასე ვუპასუხებ: „ შეკვეთილში ისეთი კაცი გყავთ მეზობლად, გზაც ექნებათ და კვალიც არ მიაკლდებათ“.
ანგარიშს მოსმენის დასასრულს, დათო დარჩიამ ღიმილიანი მადლობა გადაუხადა მამალაძეს: „ცოტა პოლიტიკური მოხსენება კი გამოგივიდაო“.
„მე ვებრძვი იმპერიალისტებს“_ ღიმილი არ დაიშურა მამალაძემაც.