დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს, დაიწყო. დღეს, 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
წყარო: fortuna.ge