3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 მარტიდან განახლდება _ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ გაივლის სავალდებულო ტესტირებას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად _ რა წესების დაცვით აღდგება სასწავლო პროცესი და როგორ მოხდება მონიტორინგი _ „გურია ნიუსმა“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა, გარკვეული სახის ინფორმაცია მოგვაწოდეს.
„1 მარტიდან თბილისში მოქმედ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება მზად არის აღსაზრდელების მისაღებად. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონა-ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით, ძირითადი ინფრასტრუქტურული და შესყიდვის ღონისძიებები ჯერ კიდევ შემოდგომაზე გატარდა. რაც შეეხება მზადების პროცესს, ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, გაზაფხულის მენიუს შესაბამისი საკვები პროდუქტების შეტანა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებისა და სერტიფიკატების განახლება, ბავშვების მიღება-გაშვების განრიგების განახლება და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები.
1 მარტიდან სააღმზრდელო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის 20%-ის ტესტირების პირობით. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ბაღებს დაეგზავნათ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ბაღების პერსონალი შეძლებს კორონა-ვირუსზე ტესტირებას სახელმწიფო ხარჯებით. პროცესი უკვე დაწყებულია და ორშაბათამდე დასრულდება. თანამშრომელთა 20 პროცენტს _ PCR-ტესტი, 80% კი ანტიგენის ტესტი 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება“, _ განმარტეს სააგენტოში.
მათივე თქმით, ტარდება ბაგა-ბაღების შენობების დეზინფექცია და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხო და შეუფერხებელი წარმართვისათვის“.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპდსიტუაციის გამო, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 28 ნოემბერს შეწყდა.