საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს, პირველ მარტს განაახლა. სამტრედიის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამტრედიის საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს 10 მარტიდან მიიღებენ. რაც შეეხება ადმინისტრაციას და პედაგოგ-აღმზრდელებს ისინი დღეიდან, პირველი მარტიდან შეუდგნენ საქმიანობას, რაც ძირითადად საბავშვო ბაღების შენობებში სანიტარული სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.
,,არა მარტო სამტრედიაში, ბევრ მუნიციპალიტეტში არ განახლებულა დღეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მიზეზი, ნაწილობრივ გამოცხადებული ტენდერია. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვიურად, ბავშვებს ამანათების სახით, ვურიგებდით პროდუქტებს. საბავშვო ბაღების გახსნის შემთხვევაში ვახდენთ ყველა პროდუქტზე ტენდერის გამოცხადებას, ეს კი დროში გაწელილი პროცესია. დამთავრდება ამ კვირაში, შემოვა ყველა სახის პროდუქტი და სამტრედიაში 10 მარტიდან განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. რაც შეეხება კოვიდს და მის რეგულაციებს, ჩვენს სკოლამდელ დაწესებულებებში ყველა პირობა გვაქვს დაცული, პატარებმა მთელი დღე უსაფრთხო გარემოში გაატარონ“,_ განაცხადა გაგუამ.