დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევებით დადგენილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ავქცინები ახალ შტამსაც ფარავს.
“ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ძირითადად ეს გახლავთ ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს” – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს.
„კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება – ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდნეიმე ერთეული დაემატება“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.