თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
კალაძე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და სრულფასოვან საქმიანობას ორშაბათიდან დაუბრუნდება.
„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ და ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჭირდება დედაქალაქს და რომელიც საჭიროა ჩვენი ქალაქისთვის“, – აღნიშნავს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, რომ პირველადი დიაგნოზით, თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. 10 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად იგი უცხოეთში გაემგზავრა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.