საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არჩილ თალაკვაძემ დატოვა, კახა კუჭავა წარადგინეს. ის ამ დრომდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ წარდგენის შემდეგ.
კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია 2021 წლის იანვრიდან და პარალელურად პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას იკავებს.
2020 წლის ნოემბრიდან დღემდე ის არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2016-2020 წლებში კახა კუჭავა იყო საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით ის აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
2012-2016 წლებში ის კერძო სექტორში მუშაობდა.