“ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება“, _ ასე უპასუხა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ხატია დეკანოიძის თქმით, ” ქართულ ოცნების” თავმჯდომარის განცხადებამ, დაადასტურა რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა არ უნდოდათ.
“ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, იმ ადამიანების, ვისაც ნამდვილად არ სურდათ ეხილათ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბლოკი ძალა ერთობაშია პარლამენტში.
აქვე მას მინდა ვუპასუხო, რომ ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი ბლოკი პარლამენტში შედის არა რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის ან ძალაუფლების გადანაწილებისთვის ქართულ ოცნებასთან ერთად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღი სწორედ რეჟიმის დასამარცხებლად”, _ განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.
თუმცა, ირაკლი კობახიძე, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.