ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი, ქალბატონი თინა სირაძე გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეპუტატის ბიუროს ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელი სოფო ჯინჭარაძე ავრცელებს.
“ფასდაუდებელია, თინა მასწავლებელო, თქვენი ამაგი. მენანებით სიკვდილისთვის, ყველაზე სათნო და საყვარელო…
ამ ბოლოს მოგინახულეთ, საოცრად გაგიხარდათ, ჭიშკრამდე გამოგვაცილეთ ლოცვით. ნახვამდის”, _ წერს სოფო ჯინჭარაძე.
დიდი პირადი ტრაგედიის მატარებელი ქალბატონი ნახევარ საუკუნეზე დიდხანს მუშაობდა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
თინა მასწავლებლის გული, მეხსიერება თბილი სახლი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მის თვალწინ ჩავლილი ყველა მოსწავლის სახელსა და ფოტოს ინახავდა. ყველასთვის საყვარელმა მასწავლებელმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში 1000-ზე მეტი მოსწავლე აზიარა დედაენის მადლს. თინა მასწავლებელს ყველა მათგანი ახსოვდა, მეტიც, ახსოვდა სად, რომელ მერხთან იჯდა თითოეული.
თინა მასწავლებელი 14 ივლისს გარდაიცვალა. როგორც “გურია ნიუსმა” შეიტყო, ბოლოს მან მოტეხილობა მიიღო, რისთვისაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს უსათუთესი სულის მქონე ქალბატონის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ყველასთვის საყვარელი თინა მასწავლებლის ოჯახს, მის აღზრდილებს, მთელ ჩოხატაურს.
მოსწავლეებზე ზრუნვაში გალეული ნახევარი საუკუნე