,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას“, _ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ, შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში “ყველა მიმდინარე დანიშვნა” იქამდე შეეჩერებინათ, სანამ “სასამართლოს ამბიციური რეფორმა” ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია შეთანხმდა. ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე, შესაძლოა, შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა”, _ წერია განცხადებაში.
შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლონ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.
ავტორი: მერაბ ცაავა