ახლა ქართულ რეალობაში, უფრო კონკრეტულად, საქართველოს სოფლის მეურნეობაში, აგრარული კადრების უმწვავესი დეფიციტია. ჩნდება უამრავი კითხვა, არსებობს უამრავი მიზეზი, რატომ წავიდა საქმე ამ მიმართულებით თავქვე, თუმცა, პასუხი აგვიანებს და შესაბამისად, გვიანდება კვალიფიციური კადრების გამოზრდა, სწავლება.
ახლახან ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი, ბექა ლიპარტელიანი ამერიკიდან დაბრუნდა. ბექა საქართველოში აგრობიოლოგიური სპეციალობის წარმატებით გავლის შემდეგ, გაცვლითი პროგრამით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით სამშობლოში დაბრუნდა, იმედია, დიდ დახმარებას გაუწევს აგრარულ დარგს.
რა მინდა ვთქვა _ როცა ამ ახალგაზრდაზე ინფორმაციას ვეცნობოდი, ჩემი გამოცდილების ადამიანს უამრავი კითხვა მიჩნდებოდა _ უპირველეს ყოვლისა ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, როდესაც გასულ საუკუნეში საქართველოში გვქონდა უდიდესი აგრარული სკოლა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხელისუფალთა არაადეკვატური ქმედებით ყველაფერი დაიკარგა და განადგურდა. მიჩნდება კითხვა: ნუთუ, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას დღეს არ ძალუძს კვალიფიციური აგრონომ-სპეციალისტების მომზადება? ისეთი სპეციალისტების, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებითა და გამოყენებით სარგებლობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მაგალითად, ახალგაზრდა ფერმერი ნიკა გუნთაძე, რომელზედაც ჩვენ ადრე ვწერდით.
დღეს ეს ახალგაზრდა, დაამთავრა რა აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტია და მეცნიერებასა და წარმოებას წარმატებით ემსახურება.
თუმცა, ეს ზღვაში წვეთია _ ზოგადი ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში აგრონომიული მიმართულების ფაკულტეტებზე აბიტურიენტთა მიმართვიანობა ძალზე დაბალია. არის კიდევ ერთი უკიდურესობა _ ის, ვინც შესაბამის დიპლომს მიიღებს, იშვიათად თუ აგრძელებს მუშაობას ამ სფეროში!
ისმის კითხვა _ რატომ მუშაობენ ახალგაზრდა კადრები სოფლის მეურნეობაში მაშინ, როდესაც ქვეყანა ამ მიმართულებით სერიოზულ დეფიციტს განიცდის? დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ დაბალი ანაზღაურება, ნიადაგთან და მცენარესთან მუშაობის სირთულე, სოფლად ცხოვრების დაბალი ინტერესი და სხვა მიზეზები განაპირობებენ ახალგაზრდა სპეციალისტების ქალაქისკენ გადინებას. ამ პროცესის დარეგულირება და ახალგაზრდა კადრების სოფლად მობრუნებას ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.
ეს პრობლემები, შესაძლებელია, მხოლოდ რეგიონულ და სახელმწიფოებრივ ჭრილში გადაწყდეს _ რეგიონებში სოფლად ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად უნდა მოწესრიგდეს. ახალგაზრდა სპეციალისტს სოფლად ცხოვრების და მუშაობის მოტივაცია უნდა გაუჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრარული სპეციალობის დიპლომის მიუხედავად, მოზარდი სხვა სამსახურში დაიწყებს მუშაობას.
დაახლოებით, სამოცი წელია, პირადად სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და წარმოების დარგში ვმუშაობ. მოწმე ვყოფილვარ, ჩვენ თვალწინ როგორ ინგრეოდა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა. უკანასკნელ წლებში ბევრი სასიკეთო სახელმწიფო პროგრამა გახორციელდა: “დანერგე მომავალი”, “შეღავათიანი აგროკრედიტი”, “ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა”, “აგროდაზღვევა” და სხვები. მაგრამ… არის ერთი “მაგრამ” _ რაოდენ გასაკვირია, რომ კომპანიის ხელმძღვანელების, ფიზიკური პირების, ცალკეული ბენეფიციარების, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ და ხელმძღვანელობენ, სამოცდაათ პროცენტზე მეტი არასპეციალისტია… ამ დროს კი იხარჯება სახელმწიფო სახსრები და ხშირად შედეგები ძალზე დაბალია.
საბჭოთა პერიოდში დომინირებდა ლოზუნგი: “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. როგორ ვფიქრობთ, ვითომ ეს ლოზუნგი ყველა დროში და ყველა სისტემის დროს, უმნიშვნელოვანესი არ არის? დიახ, ეს ფორმულა დღესაც ძალაშია. თუ გვინდა ინტენსიური და მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა, ამ დარგს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ესაჭიროება. ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია. თუმცა, საჭიროა ამ რესურსების სწორი, მიზნობრივი მართვა და გამოყენება. არადა, რაც დრო გადის, სოფლად, აგრარულ სექტორში უკვე აგრონომების, აგროქიმიკოსების, მელიორატორების, მექანიზატორების, მცენარეთა დამცველების (ენტომოლოგი, ფიტოპათოლოგი, ვირუსოლოგი) ვეტერინარების, ტექნოლოგების, მწვავე დეფიციტი შეინიშნება.
რაც შეეხება სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეს, ამ კუთხით კიდევ უფრო უარესადაა საქმე _ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში დავიწყებას მიეცა სამეცნიერო კადრების საჭიროებაზე ფიქრიც კი! ბუნებრივია, ეს ყველაფერი თანდათან მიგვიყვანს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო კადრების სრულ გაქრობამდე.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოს სისტემაში, ცხრა რეგიონული და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებენ, რომელთა მიზანია რეგიონში დაინტერესებულ ბენეფიციარებს მიაწოდონ ინფორმაცია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ღონისძიებების შესახებ.
რეგიონებში საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი აზრით, ურიგო არ იქნებოდა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, კარგად იცნობდნენ და აცნობიერებდნენ, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ სუბტროპიკულ ზონაში დარგთა და კულტურათა შეთანაწყობის პრინციპებს, ამ მიმართულებით წლების მანძილზე მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების ცოდნას და გასატარებელ ღონისძიებებს. ტრადიციული და ახალი კულტურების თვითნებური აღრევა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ამ ზონაში მიმდინარეობს, პერსპექტივაში ბევრ დადებით შედეგებს ვერ მოგვიტანს.
ამ სიძნელეების დასაძლევად არსებობს მეორე გზა: დღეს სოფლად დასაქმებული მეწარმეების მომზადება-გადამზადების კურსების ამოქმედება. მიუხედავად პანდემიისა, ეს ღონისძიება შესაძლებელია, გახორციელდეს, როგორც ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, ასევე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურში, რომლებიც ტერიტორიულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანასეულის ტერიტორიაზე მდებარეობენ. აქ ბენეფიციარები თეორიულ საკითხებთან ერთად გაეცნობიან სუბტროპიკული კულტურების ახალ ჯიშებსა და ფორმებს, სანერგე მეურნეობას, ასევე ფართო ინფორმაციას მიიღებენ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე. კარგი იქნება თუ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო გაითვალისწინებს ჩვენ წინადადებას და სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობაში დღეს დასაქმებული მეწარმეების მომზადება გადამზადების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
ზაურ გაბრიჩიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი