გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ე.წ ოპონენტებმა და ოპოზიციამ, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს „ნაციონალების” მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველასა მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(R)