აუცრელებში COVID 19-ით ინფიცირება 5-ჯერ ხშირია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, არავაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაცია 29-ჯერ ხშირია, ვიდრე აცრილებში.
აქვე, NCDC ლოს-ანჯელესის მონაცემებს აქვეყნებს.
2021 წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ლოს-ანჟელესში, კალიფორნიის შტატი, SARS-CoV-2 ინფიცირების 43 127 შემთხვევიდან 10 895 (25.3%) დაფიქსირდა სრულად აცრილ პირებში, 1 431 (3.3%) ნაწილობრივ აცრილ პირებში და 30 801 (71.4%) – არავაქცინირებულ პირებში.
25 ივლისის მონაცემებით, არავაქცინირებულ პირებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო შესაბამისად 4.9 და 29.2-ჯერ მეტი, ვიდრე სრულად აცრილ პირებში.
კვლევის თანახმად, 16 წელს ზემოთ ვაქცინირებულ პირებში გაცილებით ნაკლები იყო COVID-19 ჰოსპიტალიზაციის, მექანიკური ვენტილაციის საჭიროებით ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის ან გარდაცვალების რისკი იმ დროისათვის, როდესაც SARS-CoV-2-ის დელტა შტამი დომინანტი გახდა. ამ პერიოდში მკვეთრად მოიმატა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, თუმცა შემთხვევები ძირითადად არავაქცინირებულ პირებში დაფიქსირდა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვა აუცილებელ პრევენციულ ზომებთან ერთად COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობისა და გართულებებისგან თავიდან აცილების საუკეთესო გზაა, – წერს NCDC Facebook-ზე.