საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.
5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნები.
დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ფინანსურ რესურსს EBRD-ი „გალტ ენდ თაგარტი“-ს დახმარებით, ლარში განთავსებული კერძო ობლიგაციებით მიიღებს.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მომხმარებელი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას. მსგავსი გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისათვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი წარმატებული შეთანხმება განხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
”მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა EBRD-ს და მის დიდი ხნის პარტნიორს შორის. აღნიშნული საკრედიტო ხაზი რეგიონის მასშტაბით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფინანსური რესურსი იძლევა შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი დაფინანსება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად აითვისონ ახალი რესურსები DCFTA სტანდარტების დაცვით”, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)