„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – ამის შესახებ განცხადება UNICEF-ის პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, მაია ქურიკიძემ ბათუმელებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით.
სოფლებში ბევრი 700-ბავშვიანი სკოლაა, სადაც ახლა 100 ბავშვი თუ სწავლობს. ასეთ სკოლებს არ ექნებათ პრობლემა, არც დისტანციის დაცვის და აქვთ ეზოებიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაეხსნათ სკოლები უსაფრთხოდ.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის არა მხოლოდ აკადემიური ჩამორჩენის თავის აცილების მიზნით, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ბავშვები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, რადგან სოციალური უნარების განვითარებაშიც ჩამორჩებიან. ბავშვებს სჭირდებათ ურთიერთობები თანატოლებთან“, – ამბობს ქურციკიძე.
მისი თქმით, კვლევებით დამტკიცებულია, რომ სკოლები არ წარმოადგენს ეპიდემიის გავრცელების კერას, საფრთხეები კი ყველგან არსებობს.
„მაშინ, როცა ყველა სექტორი ღია და გახსნილია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვის განათლება არ შეფერხდეს,“ – ამბობს ქურციკიძე.
წყარო: ბათუმელები