ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში „ქართულ ოცნებას“ – 52,54%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 29, 45%, „საქართველოსთვის“ კი 5,71% აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დათვლილია 544 უბანი, 3 743 უბნიდან ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგი: „ქართული ოცნება“ – 52,54%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 29, 45%; „საქართველოსთვის“ 5,71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგი. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „ტელე-იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, როგორც მოგეხსენებათ 47,6% იყო მათ მეირ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები.
რაც შეეხება თბილისის ეგზიტპოლს, შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, 51,3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, მეორე ტურის საკითხს რაც შეეხებაა, ცდომილება არის 3% აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია, ასეც და ისეც. ხმების დათვლის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი.
რაც შეეხება პარტიულ შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო პარტიული შედეგები, რაც იქნა გამოცხადებული კომპანია „გორბის“ მიერ“, _ განაცხადა კობახიძემ.