„გაუხუნარი, კოლორიტი, ლანჩხუთის დიდი მოამაგე და პატივსაცემი ადამიანი. გილოცავთ რევაზიჩ , დიდხანს გაგვახარე შენი კარგად ყოფნით“ _ ახლობლები თუ უბრალო ნაცნობები სოციალურ ქსელში თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ და ლანჩხუთში ქალთა საფეხბურთო კლუბის დამაარსებელს დურმიშხან ჩხაიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავდნენ.
დურუ მასწი, 12 წელი მუშაობდა იმისთვის, რომ გოგოები შეეკრიბა და საფეხბურთო კლუბი შეექმნა. 12 წელი აშენებდა და იბრძოდა დიდი წვალების ფასად. მაშინ ბევრი ამბობდა, რა გოგოების საქმეა ფეხბურთიო, ის კი მთელი მონდომებით ცდილობდა, საპირისპირო დაემტკიცებინა. შეძლო კიდეც და ბევრი დაარწმუნა, რომ ქალებს ყველაფრის კეთება შეუძლიათ და ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა მიდიოდეს. დურუ მასწის გოგოებმა ხომ გასულ წელს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, უეფას ჩემპიონატზე 1/16 ფინალში ითამაშეს.
ჟურნალისტი ლასა სარჯველაძე ინიციატივითაც გამოდის, რომ დურმიშხან ჩხაიძეს საპატიო ლანჩხუთელის სტატუსი მიენიჭოს _ „საუკეთესო იუმორის მქონე ადამიანი, განთქმული თამადა, კარგი ლანჩხუთელი, კოლორიტი, რომელიც საპატიო ლანჩხუთელობას იმსახურებს. ეს მას ისედაც აქვს, ხალხის სიყვარული, მაგრამ ,,დოკუმენტი” მაინც სხვაა. ბევრი წლები მას“.
„ძალიან მაგარი დურუ, ნამდვილი, ცოცხალი კოლორიტია ეს კაცი (და არა ყველა მეორეს რომ კოლორიტს ეძახიან და გაცვითეს ეს სიტყვა)“, _ წერს კიდევ ერთი ლანჩხუთელი ალეკო ჭყონია.
ძმისშვილი სოფიო ჩხაიძე სოციალური ქსელით ულოცავს ბიძას 70 წლის იუბილეს და იქვე ემოციურ პოსტსაც აქვეყნებს: “კაცს, რომელსაც არასდროს შეუხსენებია, სახლი რომ აგვიგო მე და ჩემs ძმას, მთელი ბავშვობა შუაზე რომ გვიყოფდა გასაყოფს, სულში რომ გვიძვრენდა და სამაგიეროდ, ჩვენს კარგად ყოფნას და მაცივრიდან წყლის მოტანას გვთხოვდა მხოლოდ“.
„კაცური კაცი. ძმობაც სასახელოდ გასწია და მეგობრობაც უღალატო იცის. კარგი შვილების მამა, კარგი მეუღლე და ადამიანი. ორმაგად დასაფასებელია ასეთი კაცი, ძმისშვილებს რომ მამობას გაუწევს და გარდა ამისა, ლანჩხუთი რომ მსოფლიოს ამცნო. გილოცავ, დიდხანს იცოცხლე ჯანმრთელად და სიხარულში“, _ მილოცვებს უერთდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია.
70 წლის იუბილე დურუ მასწს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ და მუნიციპალიტეტის მერიამაც მიულოცა.
“გურია ნიუსი” უერთდება მილოცვებს. ვულოცავს ბატონ დურმიშხანს იუბილეს. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ.