უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო პოლიციამ აჭარაშიც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი პირი – 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 1 ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.