გაგიკვირდებათ და ცნობილ კინორეჟისორ ელდარ რიაზანოვს კომედიების გადაღება არასოდეს სდომებია. ახალგაზრდობაში, პირიქით, დრამატული სიუჟეტები იზიდავდა.
ერთ დღეს რიაზანოვი “მოსფილმის” იმდროინდელმა უფროსმა პირიევმა გამოიძახა და დაბეჯითებით ურჩია მუსიკალური კომედიის “საკარნავალო ღამის” გადაღებებს შესდგომოდა. რეჟისორმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შესძლო და მუშაობასაც შეუდგა. გადაღების პროცესში ელდარმა ორჯერ სცადა ხელი აეღო სამუშაოზე, სამაგიეროდ, პრემიერის მეორე დილით მან საქვეყნოდ სახელგანთქმულმა გაიღვიძა.
ლიუდმილა გურჩენკო რიაზანოვს ძალიან არ მოეწონა “საკარნავალო ღამის” სინჯებზე, მაგრამ პირიევმა მისი გადაღება დაჟინებით მოითხოვა.
სცენარი ფილმისა “ერიდე ავტომობილს” სპეციალურად იური ნიკულინისთვის იწერებოდა. დეტოჩკინის როლში რიაზანოვი მხოლოდ მას ხედავდა. მაგრამ სწორედ გადაღების წინ გაირკვა, რომ სახელგანთქმულ კომიკოსს ხანგრძლივი გასტროლები ელოდა ცირკთან ერთად. სწორედ მაშინ სასოწარკვეთილმა რეჟისორმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და როლი საქვეყნოდ ცნობილ ტრაგიკოსს – ბრწყინვალე ინოკენტი სმოკტუნოვსკის შესთავაზა.
იპოლიტის როლშიც სხვა მსახიობს ვარაუდობდა – ანდრეი მირონოვი ჰყავდა შეგულებული. მას კი ჟენია ლუკაშინი შეუყვარდა და რეჟისორს ეხვეწებოდა, ამ პერსონაჟს ვითამაშებო, მაგრამ სინჯები არ გამოდგა. სწორედ ასევე “არ ივარგა” ლიუდმილა გურჩენკომ ნადიას როლში, და “ბედის ირონიის” მთავარ გმირებად ანდრეი მიაგკოვი, ბარბარა ბრილსკა და იური იაკოვლევი დაამტკიცეს.