დღეს ჩოხატაურის საჯარო სკოლებში, ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო 4 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
“დიდთოვლობის გამო 2 მაღალმთიან სოფელში შეგვექმნა პრობლემა და გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. თოვლის საფარი ძალიან მაღალია. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში არ გვქონდა შუქი, ცენტრალური გათბობა კი შუქზე გვაქვს, ამიტომ 4 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ეს არის ზემო სურების საჯარო სკოლა, სადაც თოვლის საფარი როგორც მეუბნებიან 1 მეტრამდეა, ჩხაკაურას საჯარო სკოლა არის დისტანციური სწავლების რეჟიმზე, თოვლის საფარმა 1 მეტრს მეტად გადააჭარბა, ზოტის საჯარო სკოლა, სადაც შუქი არ გვქონდა ამიტომ დიდი თოვლისა და უშუქობის გამო ეს სკოლაც გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და ქვაბღის საჯარო სკოლა, სადაც ელექტროენერგია არ გვქონდა და თოვლის საფარი ასევე მაღალია. დანარჩენ საჯარო სკოლებში ჩვეულებრივად დავიწყეთ სასწავლო პროცესი. მოსწავლეთა რაოდენობა და დასწრება შედარებით ნაკლებია, რადგან ძალიან დიდი თოვლი გვაქვს და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს”,_ ამბობს სიხარულიძე.