ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში” ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში,” – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე აღნიშნავს, რომ ესაა პასუხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო და ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური ზომები, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან კოორდინაციით ამზადებს.
განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ამერიკა მიიღებს შემდეგ ზომებს, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევის გამო.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
[sexy_author_bio]