ჩოხატაურიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით სამ ტონამდე ტვირთი დღეს იგზავნება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა.
“ჩოხატაური შეუერთდა საქართველოს მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის სოლიდარობის აქციას უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებასთან დაკავშირებით. აქციას უპრეცედენტოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორიდან. ჩვენ ხელოვნების სასახლეში გამოყოფილი გვაქვს სპეციალური სივრცე, სადაც გროვდება ჰუმანიტარული დახმარება. ამ პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე საზოგადოება და სხვადასხვა ბიზნესსექტორი. მინდა ავღნიშნო, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 000 ლარი, რითაც მოხდა ჰიგიენური და ანტისეპტიკური საშუალებების შეძენა. ჯამში შევაგროვეთ სამ ტონამდე ტვირთი და ამ ტვირთში შედის არამალფუჭებადი პროდუქტები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სხვადასხვა საჭირო ნივთები. ტვირთი დღეს იგზავნება. სულ არის 160 ფუთა და 50 სხვადასხვა დასახელების პროდუქტია. გარდა ამისა, გახსნილია სპეციალური ანგარიში, სადაც მსურველებს შეეძლებათ ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობის გაკეთება. რა თანხაა ამ დროისთვის შეგროვილი ვერ გეტყვით, მაგრამ გამოხმაურება დიდია. ბევრი რეკავს და გვეკითხება, როგორ უნდა შეიტანოს თანხა. სახაზინო კოდია 300658800. მივუთითებთ ბიუჯეტში გადარიცხვას, იქ სპეციალური ველია სადაც ჩავწერთ ზემოხსენებულ სახაზინო კოდს, რომელიც შექმნილია ჩოხატაურისთვის”,_ ამბობს შარაშიძე.
ფოტოები : იამზე ვაჩეიშვილი
[sexy_author_bio]