ოზურგეთელი პედაგოგი დოდო დონაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
“არ ვიცი რა ჰქვია ამას, სახელის მოძებნა მიჭირს. წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის პროფესიულ უნარებში მოსამზადებლად სახელმძღვანელო შემოგვთავაზეს. გამოცდის ჩაბარება დიდი პასუხისმგებლობაა და მისთვის მზადება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მოთმინებასა და თავდადებულ შრომას მოითხოვს, აღნიშნული გამოცდა წელს პირველად ტარდება, ამიტომ სახელმძღვანელოს შეძენის სურვილი ბევრმა მასწავლებელმა გამოთქვა. “წიგნებში” 150 ლარი გადავიხადეთ და რაოდენი იყო ჩვენი გაოცება, როცა სტეპლერით შეკრული ფურცლების მთელი გროვა მოგვიტანეს! სკოლაში თვითონ მოგვართვეს და არც მომსახურების საფასური 16 ლარი დავიწყებიათ!
მოკლედ, ერთხანს დაბნეულებმა ვუყურეთ ჯერ “წიგნს” და მერე ერთმანეთს, ბოლოს გავბედეთ და გადავათვალიერეთ, აღმოჩნდა, რომ მასალის ნახევარზე მეტი აბსოლუტურად გამოუსადეგარია ჩვენთვის. დარჩენილი ნახევრის მოცულობა კი წინასწარვე უიმედოდ განგაწყობს და ეჭვიც არ გეპარება, რომ მასწავლებლებისთვის ამ მოთხოვნების შემდგენელთ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – მასწავლებელმა გამოცდა ვერ ჩააბაროს!
ბევრი გამოცდა ჩამიბარებია და ვერავინ დამაბრალებს, რომ ან გამოცდის მეშინია ან მასწავლებლის წინსვლას ვუყურებ სკეპტიკურად, სიახლეების უარყოფასაც ვერავინ დამწამებს, მაგრამ ეს არც სიახლეა, არც განვითარება, არც კეთილი სურვილი დაწინაურებაში შემიწყონ ხელი და, საერთოდ, ყოველგვარ ჯანსაღ აზრს მოკლებული პროცესია!
ათასი ვინმე გამოვა და მეტყვის, ვისაც გვჯერა გაგვატარეო, მაგრამ, გჯერათ კი ვინმეს?!
ან ერთი გონიერი კაცი არ ზის ჩვენს სამინისტროში (რომელსაც შეცდომით განათლების სამინისტროს ეძახიან) ან პროფკავშირი არ გვყავს, რომ დაგვიცვას და სიტყვა შეგვაწიოს, ან ჩვენ თვითონ აღარ უნდა გამოვიღვიძოთ? ჩარეცხილების ძახილზე უარესია ის, რაც ახლა გვჭირს – უპატივცემულობა სხვებისგან, უპატივცემულობა საკუთარი თავისა!
სახელმძღვანელო რაა, ისიც კი ვერ გაიმეტეთ ჩვენთვის, თანმიმდევრობით დალაგებული საკითხებით, დანომრილ გვერდებზე!
არ მოგბეზრდათ ამ “ხელი გავიქნიე ფეხი” ქართულით წერა და მერე ამის მასწავლებლისთვის შესაღება?
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი ზღვარდაუდებელი უსინდისობა?
ამ პოსტს ალბათ მავანთა წყრომა მოჰყვება.
კი,ბატონო!
“თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან… მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!..
სხვაფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა”… (ილია)”.