დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილეებმა, გიორგი ღურჯუმელიძემ, ნათია გოლიაძემ და ნიკა ბოლქვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და დეპუტატებთან ერთად, სოფელ ლიხაურში 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.
33 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.