ლანჩხუთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ქეთი წილოსანია, მიზნად დაისახა, რომ ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და გოგონების სამოქალაქო აქტივობას.
შეხვერდაზე, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან გამართეს, ითქვა, რომ ამ მოძრაობის მისია ლანჩხუთში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა, რათა მათ შეძლონ, განავითარონ საკუთარი ნიჭი და უნარი საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.
„უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი მოძრაობა დაფუძნდა და ვცდილობთ სრულად მოვიცვათ მუნიციპალიტეტი, მეტი კონტაქტი ვიქონიოთ სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ხშირად გვაქვს შეხვედრები მათთან აქ „ქეთოს ბარში“. არაერთი ღონისძიება დაიგეგმა ერთობლივად, ვაწყობთ ფილმების ჩვენებებსაც და მერე ხდება მათი განხილვა. ვასწავლით როგორ დაწერონ სხვადასხვა პროექტები, განივითარონ ნიჭი და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.
ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტიდან აქტიურად ხდება ახალგაზრდობის გადინება და ჩვენი მოძრაობის მიზანია დავაინტერესოთ და მოტივაცია მივცეთ ახალგაზრდებს, რომ აქ, ადგილზე განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები “– ამბობენ ორგანიზაციის ლიდერები.
როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე ახალგაზრდული მოძრაობა ძირითად აქცენტს გოგონებზე აკეთებს, რომელიც სამოქალაქო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20 აქტიურ გოგონას შეარჩევს და ოთხდღიან ტრენინგებს ჩაუტარებს სხვადასხვა საკითხზე.