გუშინ ცნობილი გახდა რომ საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბულ „რადნიჩკიში“ გააგრძელებს. საინტერესოა რომ ამ გუნდში „თელავის“ ყოფილი კაპიტანი ანტონ თოლორდავაც ასპარეზობს.
ინფორმაცია „რადნიჩკის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაადასტურა. პაპუნაშვილმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის თავდამსხმელს თავის დროზე თბილისის „დინამოში“, „ვერდერი 2-ში“, ესპანურ „სარაგოსაში“ და „რასინგში“, კვიპროსულ „აპოლონსა“, ასევე ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.
ხვიჩა კვარაცხელიას კი დიეგო სიმეონეს შემდეგ კიდევ ერთი ახალი თანაკლუბელი ჰყავს. „ნაპოლიმ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 35 წლის იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ დაიმატა. ვეტერანმა კარის დარაჯმა გასული სეზონი „ჯენოაში“ გაატარა, კარიერის სხვადასხვა პერიოდში კი „პალერმოს“, „პსჟ“-ის, „სევილიას“, „ოსასუნასა“ და „ტორინოს“ მაისურიც მოურგია.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ, 13 წლის ნიჭიერმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა.
რასაკვირველია ამ გადაწყვეტილებამ რუსები ძალიან გააღიზიანა და ვებგვერდმა „Championat.com“ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, სათაურით – „პერსპექტიულმა რუმა მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველო ისევ გვართმევს ტალანტებს“.
ინგა გურგენიძე ამჟამად ქალაქ ყაზანში ცხოვრობს და მწვრთნელი ლიუდმილა გაფაროვას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ახალგაზრდამ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, იუნიორებს შორის რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
ინგას მამა ჰყავს ქართველი და გვარიც მხოლოდ 1 წლის წინ შეიცვალა, იქამდე კი ინგა ნიკიტინას სახელით ასპარეზობდა.
„ინგას საქართველოს ნაკრებში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისა და სამომავლოდ ნაკრების ლიდერი გახდომის შესანიშნავი შანსები აქვს, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ, რომ მან სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა, რადგან ჩვენ საკმარისზე მეტი ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონები გვყავს. ინგას გამოსვლები კარგია, მაგრამ ის რუსეთში პრიზებს იღებს მხოლოდ ნაკლებად ცნობილ ტურნირებზე. ასე რომ, რუსეთს არაფერი აქვს დასაკარგი საქართველოს ნაკრებში გადასვლით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალში რუსი სპორტსმენებით ძლიერდება. უფრო მეტიც, იქ ლიდერები სწორედ ის მოციგურავეები არიან, რომლებიც წარსულში სრიალებდნენ რუსეთისთვის. მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოსკოვში დაიბადა და თუთბერიძესთან ერთად ვარჯიშობს, რეგულარულად აძლევს საქართველოს საამაყო მიზეზებს. კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც პერმში პაველ სლიუსარენკოსთან ერთად ვარჯიშობენ, წელს უმცროსთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოქრო მოუტანეს. მარია კაზაკოვას და გეორგი რევიას საცეკვაო დუეტი ასევე კარგად გამოვიდა იუნიორთა შეჯიბრებებზე და ახლა თანდათან უფროსების რიგში წევრიანდება.
მაგრამ ქართველების ყველაზე წარმატებული შენაძენი 19 წლის ანასტასია გუბანოვა იყო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის წყალობით, საქართველომ მიიღო უფლება, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მოციგურავე გამოეყვანა. და აი, ხედავთ, ალინა ურუშაძესთან ერთად მესამე კვოტას მიიღებენ – ახალი კოლეგა ინგა გურგენიძესთვის“, – დაწერა რუსულმა გამოცემამ.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება.
გუშინ რუსულ მასმედიაში „საინტერესო“ ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ უეფას მიერ დაწესებული სანქციები რომ არა, კრიშტიანუ რონალდო მიმდინარე სეზონში კარიერას სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებდა.
ცნობა რუსული კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა ვლასტიმილ პეტრჟელამ გაავრცელა.
„რონალდოს უნდა კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რომ არა უეფას რეგულაციები, „ზენიტი“ ამ ტურნირზე ითამაშებდა. ვფიქრობ, ამ რუსულ კლუბს აქვს იმდენი ფული, რომ კრიშტიანოს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. ასე, რომ არა სანქციები, პორტუგალიელი შესაძლოა, „ზენიტში“ გვეხილა“, – განაცხადა ვლასტიმილ პეტრჟელამ.
ევროპის კონტინენტზე ფეხბურთელების სატრანსფერო ცვლილებები მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი. სამწუხაროდ საქმეს ისეთი პირი უჩანს რომ კრიშტიანუ რონალდო მიმდინარე სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარებს, კლუბში რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპალიგაზე იასპარეზებს.
ამ ზაფხულს პორტუგალიელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა მის დამატებაზე უარი ჯერ „ბაიერნმა“, მადრიდის „ატლეტიკომ“ და „პარი სენ-ჟერმენმა“ თქვეს, ახლახან კი მისმა ყოფილმა კლუბებმაც – „რეალმა“ და „იუვენტუსმა“.
რამდენიმე დღის წინ ჰელსინკიში გამართული უეფას სუპერთასის მატჩის წინ, „რეალის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რონალდოს დაბრუნება მადრიდელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელმა ირონიით უპასუხა: „დავიმატოთ კრიშტიანო? ისევ? ის 38 წლისაა“.
რონალდოს დაბრუნება არც „იუვენტუსში“ სურთ. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც „იუვენტუსიდან“ რაბიოს ტრანსფერზე მუშაობენ, იტალიელებს გარიგებაში კრიშტიანოს ჩართვა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.
პორტუგალიელი ამ დრომდე „მანჩესტერ იუნაიტედში“ რჩება. 2022/23 წლების პრემიერლიგის პირველ ტურში „იუნაიტედი“ შინ „ბრაიტონთან“ დამარცხდა – 1:2, რონალდომ კი შეცვლაზე ითამაშა.
ავტორი