ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემში, ქაქუთში, 102 წლის ქალბატონი ცუცა ზოიძე გარდაიცვალა.
იგი 1920 წელს, ჭიათურაში დაიბადა.
ახლახან „გურია ნიუსმა“ მას 102 წლის იუბილე მიულოცა.
_ეს ქალბატონი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა და ოცდამეერთის ოციან წლებში დაგვემშვიდობა, იყო განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება. უსაზღვროდ მშრომელი, სანდო და დასაყრდენი, საუკუნო პატივცემა რომ დაიმსახურა მართლაც, როგორც უწესიერესმა, ჯერ ობლობაში გაზრდილმა და შემდეგ მრავალი ობლის თანამდგომმა და გამზრდელმა, – ამბობენ ჭანიეთის და ქაქუთის მცხოვრებნი.
ამ ზაფხულს , როცა მას 102 წლის იუბილე მივულოცეთ, უსაზღვროდ გახარებულმა გვითხრა: „ჭიათურიდან რომ ჩამოვედი გურიაში სამუშაოდ, ათი წლის ვიყავი. მეზობელ ქალებს გამოვეკიდე. დედა არ მიშვებდა. ჩაის ვკრეფდით. ეს ქალები იყვნენ ჩემი პატრონი. უკან როცა ვბრუნდებოდი და დედისთვის აქ ნაყიდი სიმინდი და სხვა პროდუქტი მიმქონდა, ხშირად, იმდენი ხალხი მგზავრობდა ჭიათურამდე, არ ეტეოდა და მატარებლის ვაგონის კარი არ იკეტებოდა. სახელურებს ვიყავი ჩაფრენილი, ქალებს კიდევ, ჩემთვის ხელი ეკიდათ საყელოში, რომ არ გადავვარდნილიყავი და ასე ჩავდიოდით სახლში… გასაჭირმა არ უნდა შეგაშინოს“, – გვითხრა და თითქოს, ანდერძივით დაგვიბარა.
სოფელ ქაქუთში, სამეზობლოში ყველამ იცის ,რომ „გურია ნიუსის“ დაფუძნების დღიდან, ქალბატონი ცუცა ზოიძე ჩვენი გაზეთის ხელმომწერი იყო.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას, ქალბატონი ცუცას გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს ოჯახს.
ავტორი