გუშინ კატარის მუნდიალზე „H” და „G“ ჯგუფებში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.
„H” ჯგუფში ურუგვაიმ განა დაამარცხა – 2:0, პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა კი ყველასათვის მოულოდნელად სამხრეთ კორეასთან მარცხი განიცადა – 1:2.
ამ ჯგუფიდან მერვედფინალურ სტადიაზე პორტუგალია და სამხრეთ კორეა გავიდნენ.
„G“ ჯგუფში ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა კამერუნთან წააგო – 0:1, შვეიცარიამ კი სერბეთი დაამარცხა – 3:2.
ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები გავიდნენ.
გუშინ მერვედფინალური სტადიის კიდევ ორი წყვილი გამოვლინდა. ბრაზილია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, პორტუგალია კი შვეიცარიას შეხვდება.
ესპანეთი – იაპონიისა და გერმანია – კოსტა რიკის პარალელურად მიმდინარე შეხვედრების ერთ ეპიზოდში, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა იყო მომენტი, როდესაც ესპანეთი-გერმანიის ფავორიტად აღიარებული წყვილი მუნდიალის დატოვებასთან ახლოს იყო. საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდი მერვედფინალში „გაძვრა“, ბუნდესგუნდს კი ზედიზედ მეორე მუნდიალზე ვადაზე ადრე სამშობლოში დაბრუნება მოუწია.
დღეს ბევრია საუბარი რომ ესპანეთი ჯგუფში მეორე ადგილზე სპეციალურად გავიდა და ამით შემდგომში, გათამაშების მისთვის უფრო იოლი ბადე აირჩია. ფაქტი ერთია. იაპონელთა მეორე გოლის შემდეგ ესპანეთს ანგარიშის გათანაბრების თითქოს არანაირი სურვილი არ ჰქონია. უტევდა მაგრამ უფრო „ზრდილობის“ გამო და ერთი სული ჰქონდა თამაში მალე მორჩენილიყო. ამით ხორვატიასთან დაპირისპირება თავიდან აიცილეს და მაროკოზე გავიდნენ, წარმატების შემთხვევაში კი პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისის გზა აირჩიეს. ამით ფინალამდე არგენტინასა და ბრაზილიას გვერდი აუქციეს. ძნელია რაიმე საფეხბურთო თვალმაქცობაზე დაბეჯითებით საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტები ამას მოწმობს.
გერმანელებს ნამდვილად შეეძლოთ კოსტა რიკას „გასწოლოდნენ“ და ამით ესპანეთი დაესაჯათ, მაგრამ პატიოსანი თამაში არჩიეს…
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა თავისი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ესპანეთის მატჩში ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. იაპონიის და ესპანეთის დასამარცხებლად საკმაო შესაძლებლობა გვქონდა. კოსტა-რიკამ პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვცა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ. კარგია, რომ თამაში შემოვატრიალეთ. ჩვენნაირი ოსტატობის მქონე გუნდს არ აქვს იაპონიასთან წაგების უფლება. სახლში დამსახურებულად მივემგზავრებით“.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს დიტერ ფლიკმა აღიარა, რომ იმედგაცრუება დიდია.
„იმედგაცრუება დიდია. ესპანეთს არ ვადანაშაულებ. არასდროს ვუყურებ სხვა გუნდებს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებთ, საკმარისი შანსები გვქონდა, განსაკუთრებით იაპონიასთან და ასევე ესპანეთთან მატჩის ბოლოს.
ყველაფერი არა კოსტა რიკასთან შეხვედრაში, არამედ იაპონიასთან მატჩის დროს გადაწყდა. მსოფლიო ჩემპიონატზე საკმარისად ეფექტური არ ვიყავით. იმედგაცრუება დიდია და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას“, – განაცხადა ჰანსი ფლიკმა.
ამ პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში ჰანსი ფლიკსა და ბუნდესნაკრების ექსკაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს შორის სიტუაცია სატელევიზიო ჩართვისას დაიძაბა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ფლიკს ჰკითხა: „ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ცეცხლი სხვა გუნდებში ყოველთვის იგრძნობოდა, გერმანიის ნაკრებში კი, არა. ეთანხმებით ამ პოზიციას?“
შეკითხვაზე ფლიკს მოკლე და უხეში პასუხი ჰქონდა: „არ ვეთანხმები, რადგან აბსოლუტური სისულელეა. რა უნდა გაგვეკეთებინა?“
შვაინშტაიგერმა ფლიკს უფრო მშვიდად უპასუხა: – „მოედანზე ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა ფეხბურთელები კონცენტრაციის 5%-ს კარგავენ. მსგავსი რამ მოხდა კოსტა რიკასთან, როცა ანგარიში 1:1 იყო. ცეცხლში მხოლოდ შეტევას არ ვგულისხმობდი. ხშირად ვაძლევდით მეტოქეებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას, განსაკუთრებით ამას მცველები აკეთებდნენ. ნაკლებ ცეცხლში ეს ვიგულისხმე, რადგან ჩვენი ნაკრების სხვა მატჩებში უფრო მეტი მონდომება დამინახავს. ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, იაპონიასა და კოსტა რიკასთან შეხვედრაში ნაჩვენები მიზანსწრაფულობა საკმარისი არ იყო, ჩემთვის მაინც. ტურნირზე საკუთარ კარში 5 ბურთი მივიღეთ, ევრო 2016-ის შემდეგ გოლებს სულ ვუშვებთ. კარგი დაცვის გარეშე კარს მშრალად ვერ შევინახავთ და ვერც თამაშებს მოვიგებთ. მე მხოლოდ ამას ვგულისხმობდი.“
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენას ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ამჟამად სატელევიზიო ექსპერტი გარი ლინეკერი გამოეხმაურა.
61 წლის ინგლისელმა თავისი ლეგენდარული ფრაზა გაადააკეთა, რომელიც გერმანიის ნაკრებზე დიდი ხნის წინ აქვს ნათქვამი.
„ფეხბურთი მარტივი თამაშია. 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში ბურთს დასდევს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანელები იგებენ“, – განაცხადა ლინეკერმა 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც ინგლისის ნაკრები გფრ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
გარი ლინეკერმა ამჯერად ერთი წინადადება დაამატა: „…ბოლოს ყოველთვის გერმანელები იგებენ, თუკი …ჯგუფიდან გადიან“.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იაპონიასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაში ძალიან შორის იყო იმისგან, რაც მას სურს.
„თამაშზე კონტროლი 5 წუთის განმავლობაში მთლიანად დავკარგეთ, პანიკაც იყო და იაპონიას კიდევ 2 გოლი რომ ჰქონოდა გასატანი, აუცილებლად გაიტანდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და როცა იაპონიის მსგავს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ასეთი რამ ხდება. იაპონიამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, ჩვენ კი… სწორედ ეს მაღიზიანებს, რადგან მინდოდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ძალიან შორს ვიყავით იმისგან, რაც გუნდისგან მინდა“, – თქვა ლუის ენრიკემ.
ამ პრესკონფერენციაზეც მცირედი ინციდენტი დაფიქსირდა. ლუის ენრიკემ გაღიზიანებულმა შეუსწორა ესპანელ ჟურნალისტს თუ რამდენი წუთის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ჯგუფში მისი ნაკრები: – „გარკვეული ხანი ჩარჩენილები ვიყავით? არც კი ვიცოდი ამის შესახებ, თქვენგან მესმის. ეს რომ მცოდნოდა, გულიც დამარტყამდა“.
„მადლობა გერმანიას, „დანქე” ჰავერტც“, – ასეთი სათაური ამშვენებდა მატჩის შემდეგ ესპანეთის ყველაზე რეიტინგულ გამოცემა „მარკას“.
„ადრეული გამარჯვებები საშიშია. დღეს ესპანეთი რამდენიმე წუთის განმავლობაში გავარდნილი იყო და პასუხი არსაიდან ჩანდა. ესპანეთის ნაკრებს პრობლემების მთელი ჯაჭვი აღმოაჩნდა, რომლის შველის უნარი სათადარიგოთა სკამზე მჯდომს ვერ შევამჩნიეთ. ნაკრები უფსკრულის პირას იდგა“, – დაწერა გამოცემამ „მარკა“.
ამასობაში იაპონელთა სამუნდიალე ამბიციები უსაზღვროდ გაიზარდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდის უმთავრესი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა გულშემატკივარს, იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის. მათი წყალობით შევძელით ამ რთული თამაშის მოგება. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა ახალი მიზანი გვაქვს – მეოთხედფინალი. გვინდა ჩვენს ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და მეოთხედფინალში ან უფრო შორს გავიდეთ“, – თქვა მორიასუმ.
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კი თანამდებობა დატოვა.
„ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ეს იყო ჩემი ბოლო თამაში. ახლა უფრო ემოციური ვარ, ვიდრე ოდესმე. ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მე უკვე დავემშვიდობე ფეხბურთელებს და პერსონალს. რაც არ უნდა მომხდარიყო წასვლას მაინც ვაპირებდი. მსოფლიოს ჩემპიონებიც რომ გავმხდარიყავით, პოსტს დავტოვებდი. ეს გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მივიღე“, – განაცხადა რობერო მარტინესმა.
49 წლის მწვრთნელმა ბელგიის ეროვნული ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მარტინესმა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ნახევარფინალამდე გაიყვანა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის ნაკრებს მოუგო.
ავტორი