დღეს კატარის საფეხბურთო მუნდიალზე მერვედფინალური სტადიის შეხვედრები იწყება და პირველ თამაშში ნიდერლანდების ეროვნული გუნდი აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღევანდელ წერილში ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაზე, ასევე ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, იოჰან კრუიფის შესახებ გვექნება საუბარი.
ნიდერლანდებში ფეხბურთის თამაში 1880 წელს დაიწყეს, მაგრამ სპორტის ეს სახეობა დიდი ხანი სათანადოდ ვერ ვითარდებოდა. პროფესიონალიზმის შემოღებას ხელს უშლიდა კალვინისტური ეკლესია, რომლის პოზიცია მაშინ ძალიან ძლიერი იყო. ნიდერლანდები მეორე მსოფლიო ომამდე მუნდიალებში ორჯერ მონაწილეობდნენ, მაგრამ პირველივე მატჩებიდან ეთიშებოდნენ ბრძოლას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყანაში ფეხბურთი უკეთ ვითარდებოდა. გამოჩნდა პირველი ადგილობრივი ვარსკვლავიც – აბე ლენსტრა „ჰერენვენიდან“. 1954 წელს მოთამაშეთა პროფესიული სტატუსი მიიღეს და ამ ფაქტორმა ადგილობრივი ფეხბურთის ხარისხი აამაღლა. წინა საუკუნის 60-იან წლებში გაძლიერდნენ კლუბები – „აიაქსი“, „ფეიენოორდი“, „ეინდჰოვენი“. 70-იან წლებში კი როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ნიდერლანდურმა ფეხბურთმა უკვე მოწინავე პოზიციები დაიკავა.
ნიდერლანდების ნაკრების წარმატება აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსული ორი სპეციალისტის დამსახურებაა. რუმინელი ელეკ შვარცი და ჩეხი ფრანტიშეკ ფანდორცი ნიდერლანდებში დასახლდნენ და იქაური ფეხბურთის აყვავებაში ძირითადი როლი შეასრულეს. ფანდორცმა გაიყვანა ნიდერლანდები 1974 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ხანდაზმულ მწვრთნელს ულამაზოდ მოექცნენ – გერმანული ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე ის ტოტალური ფეხბურთის დამაარსებლით – რინუს მიხელსით შეცვალეს. ამ ინტრიგაში იოჰან კრუიფისა და „აიაქსის“ სხვა მოთამაშეთა ხელი ერია.
მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებული ჩემპიონატის ფავორიტებად მასპინძლებთან ერთად, ცხადია, ბრაზილიელებიც ითვლებოდნენ, თუმცა ნიდერლანდურმა ტალღამ ყველა ექსპერტი ერთ აზრამდე მიიყვანა – თასი ნარინჯისფერმაისურიანებს უნდა რგებოდათ. რინუს მიხელსის ტაქტიკამ გაამართლა. ნიდერლანდების მეტოქეები ვერაფრით წარმოიდგენდნენ, თუ ბურთისთვის ბრძოლა საკუთარ ნახევარზევე მოუწევდათ. ამიტომაც მოხდა, რომ ფინალურ შეხვედრამდე ნიდერლანდებმა ერთადერთი გოლი გაუშვეს. ისიც საკუთარი მცველის, რუუდ კროლის ძალისხმევით.
ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვეს სახელი იოჰან კრუიფმა, ჯონი რეპმა, რობ რენსენბრიკმა, იოჰან ნეესკენსმა. მათდა სამწუხაროდ, გადამწყვეტი მატჩი გერმანელებმა მოიგეს, ანგარიშით 2:1.
ოთხი წლის შემდეგ, არგენტინაში, ნიდერლანდები კვლავ მეორე ადგილზე გავიდა. ეს შედეგი კვლავ სენსაციად მოინათლა. მუნდიალი-1978-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ნაკრები დატოვა კრუიფმა, კვლავ შეიცვალა მწვრთნელი. იან ზვარტკრუისი, რომელმაც გუნდს არგენტინის საგზური მოუპოვა, მეორე მწვრთნელად ჩამოაქვეითეს, მისი ადგილი კი ავსტრიელმა ერნსტ ჰაპელმა დაიკავა. ამის გამო ნაკრების შიგნით მორალური კლიმატი მეტად არასახარბიელო იყო. ამის მიუხედავად ნიდერლანდები კვლავ ფინალში გავიდა და ისევ მასპინძლებთან, ამჯერად არგენტინასთან წააგო – 1:3.
ამით, ნიდერლანდების პირველი უძლიერესი თაობის ბატონობა დასრულდა და მომავალ წლებში ფართო ასპარეზზე ახალი მოთამაშეები გამოვიდნენ.
ნიდერლანდური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად იოჰან კრუიფია მიჩნეული.
ის დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს, ამსტერდამის ღარიბ რაიონ ბეტონდორფში. მამა ადრე გარდაეცვალა და დაობლებულ შვილებს დედა ზრდიდა. ობოლი ბიჭი, რომელსაც იოჰანი ერქვა, ადრიდანვე მიეჩვია გაჭირვებას, შრომას, გამოიმუშავა ძლიერი ნებისყოფა. გავიდა წლები, ის დავაჟკაცდა და თავის საქმეში ბევრად გამოცდილ კოლეგებს შორისაც არ მოეპოვებოდა ბადალი.
ამსტერდამის „აიაქსში“ კრუიფი ათი წლის ასაკში ჩაირიცხა. კლუბის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ჰოლანდიის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში პირველად თექვსმეტი წლისამ მიიღო მონაწილეობა. მაშინ, დებიუტანტი მინდორზე 14–ნომრიანი მაისურით გამოვიდა და შემდეგ მუდამ ამ ნომრით თამაშობდა, როგორც „აიაქსში“, ისე ნიდერლანდების ნაკრებში.
ეროვნულ გუნდში კრუიფის დებიუტი შედგა 1966 წლის 7 სექტემბერს როტერდამში, უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრაში (2: 2), ორი თვის შემდეგ იგი მეორედ გამოვიდა ნაკრების აგურისფერი მაისურით – ამჯერად თავის მშობლიურ ამსტერდამში, სადაც მასპინძლები ჩეხოსლოვაკიელებს ხვდებოდნენ. ამ მატჩში უხეშობისათვის იოჰან კრუიფი მოედნიდან გააძევეს. ამას მოჰყვა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სასჯელი, რის შემდეგაც იოჰანი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 1967 წლის 13 სექტემბერს, გდრ-ის ნაკრებთან შეხვედრის წინ დაბრუნდა.
1971 წლის 1 დეკემბერს კრუიფმა, როგორც კაპიტანმა, პირველად გამოიყვანა ნიდერლანდების ნაკრები შოტლანდიელებთან სათამაშოდ და ამის შემდეგ ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლაური აღარ მოუხსნია.
1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იოჰან კრუიფმა მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად მიიღო ტურნირის საუკეთესო მოთამაშისათვის დაწესებული სპეციალური პრიზი.
იოჰან კრუიფმა „ოქროს ბურთი“ სამჯერ ( 1971, 1973, 1974) დაისაკუთრა. ნიდერლანდების ნაკრებში სულ 48 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. (1966-1977 წლები). თამაშობდა ამსტერდამის „აიაქსში“ (1964–1973), ესპანეთის „ბარსელონაში“ (1973–1978), შემდეგ გამოდიოდა აშშ-ის კლუბებში „ლოს-ანჯელეს აცტეკსა“ (1979) და „ვაშინგტონ დიპლომატსში“ (1980–1981), რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა ესპანეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ „ლევანტეს“ ღირსებას, 1981 წლის შემოდგომაზე კი თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
34 წლის ვეტერანის დაბრუნებამ იმ ხანად ჰოლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კრუიფი „აიაქსს“ ჰოლანდიის ჩემპიონის ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა, შემდეგ როტერდამის „ფეიენოორდში“ გადავიდა და ამ კლუბმა „დუბლი“ გააკეთა. ამ მორიგი გამარჯვების შემდეგ კრუიფი კვლავ ამსტერდამში დაბრუნდა და თავისი მშობლიური კლუბის მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა და რამდენიმე წლის განმავლობაში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.
იოჰან კრუიფი 2016 წლის 24 მარტს გარდაიცვალა.
ავტორი