დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ამ განაჩენით დადგინდება იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალა.
თუ სასამართლო დაადასტურებს რომ სახელმწიფომ სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვა გამოძიება თავიდან უნდა ჩატარდეს. თუმცა ქართულმა ძალოვანმა უწყებამ საქმე ორი წლის წინ დახურა და სპეცოპერაციის შემდეგ მთავარი იარაღი – ხელყუმბარა თავად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა.
“ჩვენ მივმართეთ სასამართლოს იმიტომ, რომ უკვე მივხვდით, რომ ამ ბინძურ სისტემასთან არაფერი გამოგვივიდოდა. სტრასბურგი თავის ვერდიქტს გამოიტანს და იტყვის, რომ ეს იყო დანაშაული, არ იყო არც გამოძიება ჩატარებული, ამათ მოუწევთ, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უნდა დასჯილიყვნენ პირველი დღიდან”,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.