დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით.
მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში.
შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.