თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა, უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ვ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.