შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.
საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის.”