24 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ ხმაურით და დაპირისპირებით წარიმართა, ბოლოს კი პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ვიდრე დეპუტატები დღის წესრიგს გაეცნობოდნენ, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა _ მას ხელში პატარა შეკვრა ეჭირა:
_ მე მინდა პატარა სათამაშო ტანკები გადავცე “ნაციონალებს”, საჩუქარი მაქვს ომის და მოღალატეების პარტიისთვის. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ომში ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა, ვერ შეძლებენ. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ჩვენი ქვეყანა პროგრესზე, განვითარებაზე და მშვიდობაზეა ორიენტირებული. სხვა არაფერი დარჩენიათ, იომონ ერთმანეთში, _ თქვა ხომერიკმა და სათამაშო ტანკები მაგიდაზე დაულაგა “ნაციონალ” დეპუტატებს _ დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს.
თავდაპირველად “ნაციონალები” ხარხარით შეხვდნენ ამ ჟესტს. შემდეგ კი, ერთი საათის განმავლობაში, გაგრძელდა დაპირისპირება, ერთმანეთის “შემკობა” მოღალატის, უვიცის, ომის პარტიის, “ბიძინას მონების” თუ სხვა მსგავსი იარლიყების მიძღვნით.
განსაკუთრებით აქტიურობდა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი. მან არაერთხელ გაუმეორა დავით მჟავანაძეს, რომ იგი ხაბეიშვილის გამოსაგდები გახდა პარტიის ოზურგეთის რაიონული ოფისიდან:
_ მართლა უთავმოყვარეობაა, თათია ნიკოლაშვილი რომ გეტყვის, შტაბიდან გასაგდები ხარო. მებრალები, _ მიმართა მან მჟავანაძეს.
_ მარიკა, შენი ოჯახი “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს, ფულს იღებდით და ჩვენი პარტიის აგიტატორი იყავით. ის ფული დააბრუნე უკან, _ წამოაძახა დავით მჟავანაძემ ჩხიკვიშვილს, წარსულში თავისი ოჯახის “ნაცმოძრაობის” წევრობა და პარტიის სასარგებლოდ მუშაობა.
ურთიერთწაძახებების ფონზე მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარისგან წესრიგის დამყარებას ითხოვდა, დავით დარჩია კი ისე მშვიდად იჯდა, ეტყობა, ფიქრობდა, ამათ მაინც ვერაფერს მოვუხერხებო.
ერთსაათიანი ჩხუბი, როგორც იქნა, დასრულდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, გიორგი ღურჯუმელიძემ წარმოადგინა.
მან ისაუბრა ცვლილებაზე, რომ ბიუჯეტი შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 28 მილიონ 477283 ლარით გაიზარდა. საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა კი 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 19 მილიონ 238 970 ლარი შეადგინა.
_ ჯამში, ოზურგეთის ბიუჯეტი 63 მილიონითაა განსაზღვრული, რაც ისტორიული მაქსიმუმია, _ თქვა ღურჯუმელიძემ.
“ნაციონალმა” დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა დასვა კითხვა, თუ რატომ არის გასული წლის ნაშთი 19 მილიონი და ითხოვა განმარტება. მან აქცენტი გააკეთა ოზურგეთის მერის ხელფასზე _ წლის განმავლობაში ხელფასი ორჯერ გაიზარდა და აქ ხელისუფლების წარმომადგენლები სხდომაზე სათამაშოებით მოდიხართ იმის ნაცვლად, რომ გაჭირვებული ხალხის პრობლემებზე ისაუბროთო:
_ სოციალურად დაუცველი ადამიანები 70-80 თეთრით უნდა დააკმაყოფილონ და პირველ პირებს უზარმაზარი ხელფასები უნდა გქონდეთ? _ იკითხა მან.
გიორგი ღურჯუმელიძემ უთხრა მას, რომ ცრუობდა:
_ სიცრუის ტირაჟირებას ახდენ და ამიტომ შეგიშლი ხელს. მატყუარა ხარ, _ უთხრა მან თათია ნიკოლაშვილს.
დღის წესრიგის მეორე საკითხი, რომელსაც ყველამ ყურადღებით მოუსმინა და მოიწონეს კიდეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცებას ეხებოდა.
საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ წარმოადგინა:
_ ჯანდაცვის სფეროში წარმოგიდგენთ იმ ცვლილებებს და სიახლეებს, რომელიც წარმოდგენილია მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესში. სულ გაცემის წესში 20 პროგრამული მუხლი მოქმედებს. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება გაიზარდა 55 000 ლარით; თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება გაიზარდა 15 ათასი ლარით და შევიდა ცვლილებაც _ სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარებს ტრანსპორტირებისთვის გაეზარდათ დაფინანსება, რაც 350 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირების დახმარებას, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა ასი ათასი ლარით, რასაც დაემატა ქვეპროგრამა. ის ითვალისწინებს ძუძუს კიბოს მქონე პირთა მედიკამენტების დაფინანსებას, წლის განმავლობაში 4 ათასი ლარის ოდენობით.
მაიზერ ცელაძემ, ასევე, თქვა, რომ გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა 110 ათასი ლარის ოდენობით. ბენეფიციარებს, რომელთა გადასახდელი თანხა შეადგენს ათას ლარამდე, დაფინანსება 40%-ით მოხდება. ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთა გადასახდელი თანხა შეადგენს ათას ლარს ზემოთ, თანაგადახდა 50 პროცენტის ოდენობით მოხდება.
ასევე, ცვლილება შევიდა დედ-მამით ობოლი, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დაფინანსებაში. ისინი, ნაცვლად 400 ლარისა, 500 ლარით დაფინანსდებიან, კვარტალში ერთხელ.
_ გაიზარდა, ასევე, შშმ პირთა დახმარება. წინა წელთან შედარებით, თანხის მატება 145 ათასი ლარით მოხდა. ასევე გახორციელდა რიგი სიახლეები. მაგალითად, დაზიანებული ეტლების შეკეთება ათასი ლარით განისაზღვრა. საკურორტო სეზონზე სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება 18 წლამდე კონტიგენტისთვის, კიდევ 20 პირით გაიზარდა და ახლა 40 ასეთ პირს გაეწევა დახმარება. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა 30 ათასი ლარით. ასევე გაიზარდა სოციალური საფრთხის ქვეშ მყოფ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, _ თქვა მაიზერ ცელაძემ და პუნქტობრივად ჩამოთვალა პროდუქტის და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენი თანხების გაზრდილი რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მაიზერ ცელაძის წარმოდგენილი საკითხი ერთადერთი იყო, რომელიც ყველამ მოიწონა და “ნაციონალმა” საკრებულოს წევრებმაც დადებითად უყარეს კენჭი.
დიდი ხმაური და კვლავ დაპირისპირება მოჰყვა საკითხს, რომელიც საჯარო პირებისთვის ხელფასის მატებას შეეხებოდა, რაც შემდეგ პოლიციის გამოძახებით და დავით მჟავანაძის დარბაზიდან გაყვანით დასრულდა.
საკითხი _ მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, გიორგი ღურჯუმელიძემ წარმოადგინა.
“ნაციონალმა” დავით მჟავანაძემ სასწრაფოდ ითხოვა სიტყვა და ასევე, თხოვა, თავმჯდომარეს, დაემყარებინა წესრიგი, რომ ხელი არ შეეშალათ და ეცლიათ მისთვის საუბარი.
_ ოზურგეთის მერის ხელფასი გაიზარდა 2 440 ლარით . აქამდე ჰქონდა 3 ათასი ლარი, _ დაიწყო მან. თუმცა სასწრაფოდ მასთან მისულმა მარიკა ჩხიკვიშვილმა საუბარი შეაწყვეტინა.
_ რატომ არ გინდათ, გაიგოს ოზურგეთელებმა, რომ მერმა ხელფასი 2440 ლარით გაიზარდა? _ ჰკითხა მჟავანაძემ, პასუხად ჩხიკვიშვილი ძალიან ახლოს მიიწია მჟავანაძესთან და უთხრა, რომ ცრუობდა, რადგან ყველას ხელფასი იზრდება და არ გინდა ამის დანახვაო.
მჟავანაძემ მუშტები მაგიდას დასცხო და ითხოვდა, ჩხიკვიშვილი გაეყვანათ და ეცლიათ საუბარი.
_ რა ხელფასი იზრდება? პოლიციელს 800 ლარი აქვს და შენ, მარიკა ჩხიკვიშვილს სამიათასი ლარი. ესაა გაზრდა? პოლიციელები თავს წირავენ! _ ყვიროდა მჟავანაძე. მერე დავით დარჩიას მიმართულებით წავიდა და მოუწოდებდა, წესრიგი დაემყარებინა. ხმაური ყვირილსა და ჩხუბში ისე ძლიერად გადაიზარდა, რომ პოლიცია გამოიძახეს და დავით მჟავანაძე დარბაზიდან გაიყვანეს. ამ დროს, ის ყვიროდა და “ბიძინას მონებს” ეძახდა დარბაზში მყოფ “ქართული ოცნების” დეპუტატებს. “მოუსვი აქედან”, “გაათრიეთ იქით”, “მკვლელი” … ასეთი სიტყვების ძახილის ფონზე, საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ შეწყდა.
ათი წუთის შემდეგ, სხდომა განაახლეს და დარჩენილი სამი საკითხი, ორი განკარგულების და ერთიც დადგენილების ფორმატით, მალე განიხილეს.
ოზურგეთის საკრებულოს აღნიშნული სხდომა, ძირითადად, ჩხუბის და ურთიერთლანძღვის ისეთ დემონსტრირება იყო, წინა წლის სხდომების მსგავს “ფორმატს”, ბევრად სჭარბობდა.
ავტორი