მანანა ფერცულიანი ოზურგეთში, დიდი ხანია, გურიის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს.
ერთი თვის წინ გარემოვაჭრეებს, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც წარმომადგენლები ამბობენ, სხვა ადგილზე, ბაზრის შიდა სივრცეში გადასვლა შესთავაზა, რომ ქალქის ცენტრალური ქუჩა გაეთავისუფლებინათ.
თუმცა, მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ მისთვის არანაირი ადგილი არ შეუთავაზებიათ.
_მოვიდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გენო კიშინსკი, ასევე სხვებიც ახლდნენ, დამაცხრნენ თავზე და გამაფრთხილეს, ჯარიმით მემუქრებიან. ადრე იყო რაღაც დაპირებები, რომ დამეხმარებოდნენ, თუმცა, აგერ, ნახეთ, დამილპა ხილიც და ბოსტნეულიც. რით ვირჩინო თავი? სამსახური და საშუალება რომ მქონდეს, ქუჩაში დავჯდები? პროვოკატორი მიწოდა კიშინსკიმ. თვითონაა პროვოკატორი, მე მშიერი ვარ, მშიერი! ამიტომ ვჯდები აქ, რომ პურის ფული ვიშოვო. ესენი კი, ჩემი არჩეული ხელისუფლება წიხლით დამდევს, – ტირის ქალბატონი მანანა.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გენო კიშინსკის. მან გვითხრა, რომ მიგვემართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურისთვის და პასუხს გადმოგვცემდნენ.
პრესსამსაურში დაგვპირდნენ პასუხის მოწოდებას, თუმცა დღის განმავლობაში ჩვენგან გახორციელებული არაერთი ზარის მიუხდავად, აღარ გვიპასუხეს.
რა თქმა უნა, თუ პასუხს მივიღებთ, გავაცნობთ ჩვენს მკითხველებს.
ზოგადად კი, გარევაჭრობის პრობლემა, ბოლო 30 წელია, ერთნაირად არსებობს, როგორც გადაუჭრელი საკითხი. ჩვენ ამის შესახებ წლების მანძილზე ვწერდით, როგორ შეჰყავდათ გარემოვაჭრეები ბაზრის შიდა სივრცეში, მერე კი ხალხი მაინც გარეთ გამოდიოდა.
ვრცლად ამ საკითხზე მალე გიამბობთ.
ავტორი