ოზურგეთში, ჭანიეთის საჯარო სკოლის ისტორიის მაწავლებელს, მანონ ლომჯარიას, მეგობრები, უახლოესი ადამიანები, „ცხრა აპრილელს“ ეძახიან. ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს იმ სასტიკ ღამეს, როცა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, მეგობრებთან ერთად, იდგა რუსული ტანკების წინააღმდეგ.
ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ მანონ ლომჯარია ცხრა აპრილს, გამთენიისას, გადათელილი და გონწასული იპოვეს და საბედნიეროდ, სიკვდილს გადაარჩინეს. მან სიკვდილს თვალებში ჩახედა იმ თავისუფლების საძებრად, რომლითაც დღეს ამაყობს და თავს ბედნიერად თვლის.
_რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც აქამდე მითქვამს? მაშინდელ საქართველოს ახლა ვერ ვხედავ. თუმცა, მაშინ გავიგე ყველაზე ზუსტად, რომ კოლონია ვიყავით და თავისუფლებას მივაღწიეთ რაღაც ხარისხით. დღესაც ვიბრძვით და დარწმუნებული ვარ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ისტორიას ვასწავლი მომავალ თაობას და ყოველთვის მაქვს შანსი, ვუამბო მათ ცხრა აპრილზე, _ თქვა ქალბატონმა მანონიმ „გურია ნიუსთან“.