„ბრიტანელი პენსიონერებისგან განსხვავებით, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ, საქართველოში პენსიონერების ძარცვა დაკანონებულია. ამ დარბაზში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პენსიონერებისთვის არაფერი შეცვლილა. არც ფინანსთა სამინისტროს, არც ეროვნულ ბანკს და არც მითუმეტეს, „ლიბერთი ბანკს” არ გამოუთქვამს სურვილი კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა ამ საკითხს, შეესწავლა, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ მავნე პრაქტიკას გამოასწორებდა”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების” წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა.
მისი თქმით, მართალია საპენსიო სესხზე პროცენტი შემცირდა, თუმცა ყველა თვალს ხუჭავს რომ ძველ სესხებთან დაკავშირებით პრობლემები კვლავაც არსებობს.
„ჩემ შეკითხვაზე, ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია, რომ ჯერ მომართვიანობას დააკვირდება. მოხუცების ცხოვრების ხარისხი კი დღითიდღე უარესდება. პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი, რომელსაც მათი უმეტესობა მკურნალობისთვის ან ოპერაციისთვის იღებდა. პანდემიის დროს ისარგებლეს 3-6 თვიანი გადავადებით და სესხები გაეზარდათ 2-3 წლის ვადით, რაც მათთვის არავის აუხსნია, რაც მათ მოტყუებას ნიშნავს. მოხუცები შველას ითხოვენ და ასობით ასეთი მაგალითი მაქვს”, – განაცხადა დეპუტატმა და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორების საკუთარი ხედვა გააცნო.
ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ გასაკეთებელია ორი რამ: ყველა ოვერდრაფტი უნდა გადაკეთდეს დასრულებად სესხად 26% ში ისე, რომ სესხის ვადა არ გაიზარდოს და პენსიონერების სესხები, იგივე ოვერდრაფტები, რომლებზეც უკვე დაფარულია სესხად გამოტანილი თანხის ოდენობა, უნდა განულდეს.