მერაბ ბერძენიშვილის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვით ხელოვნების ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის, ხათუნა ბებურიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ხათუნა ბებურიშვილი პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო. მშობლიურ ქალაქში ეს მისი მეორე გამოფენაა.
„წლების წინ, როდესაც ოზურგეთში სამხატვრო გალერეა გაიხსნა, იქ დავდიოდი. ჩემი მეგობრები იყვნენ გალერეაში. ძალიან მომწონდა ის პროცესი, როდესაც მხატვრები ქმნიდნენ ნახატებს. ჩემს მეგობარს ლია ურუშაძეს გავანდე ჩემი ჩანაფიქრი, რომ მინდოდა მესწავლა ხატვა. შემდეგ მხატვარ ავთანდილ თავართქილაძის დახმარებით შევუდექი ჩემი სურვილის ასრულებას. მსიამოვნებდა ხატვის პროცესი და ნელ-ნელა ეს ჰობი გადაიქცა პროფესიად“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ხათუნა ბებურიშვილმა.
ხათუნა ბებურიშვილის ნახატები სიმშვიდესთან მიგაახლოებთ და მშვიდ გარემოს შეგიქმნით.
“ჩემი ნახატებით მინდა, რომ ადამიანებს მივანიჭო ბედნიერება. პოზიტივი მინდა გადავსცე ჩემი ნახატებით ადამიანებს. უბედნიერესი ვარ იმით, რომ ვხატავ და ჩემი შინაგანი განცდა გადამაქვს ნახატებში. იმხელა რელაქსაცია არის ხატვა, რომ არ ვხატო ვერ გავძლებ… ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და ხატვით ვიბედნიერებ ყოველ წუთს.“- აღნიშნა მხატვარმა ჩვენთან საუბრის დროს.
მერაბ ბერძენიშვილის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვით ხელოვნების ცენტრის ფონდების განყოფილების გამგე, ლია ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ხათუნა ბებურიშვილი მხატვრობით 30 წელია არის დაკავებული და წარმატებულია ამ სფეროში.
„ხათუნა წარმოშობით არის ოზურგეთელი და ამჟამად ცხოვრობს თბილისში. ზრდასრულ ასაკში დაიწყო ხატვის სწავლა და შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი და კარგი გავლენა მოახდინა. ფერწერულ ნამუშევრებზრ მუშაობ, თუმცა გრაფიკულ ნამუშევრებიც კარგად გამოდის. ეს გამოფენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ხათუნამ ორი ახალი მიმართულება დანერგა თავის შემოქმედებაში. პირველი ეს არის სპირტის მელნით სპეციალურ ქაღალდზე ხატვა და მეორე, მან მეგობართან თამუნა ლორიასთან შეისწავლა მინაზე ხატვა. ნახატებთან ერთად ასევე წარმოდგენილია მინაზე ნამუშევრები. მინდა ვთქვა, რომ დიდი სიამოვნება ელოდება იმ ადამიანებს, ვინც მაისში დაინტერესდება ხათუნა ბებურიშვილის და თამუნა ლორიას ნამუშევრებით და სანახავად ეწვევა ოზურგეთის ხელოვნების ცენტრს. ასევე მოხდება მათი ნამუშევრების გაყიდვა“, _ გვითხრა ლია ურუშაძემ.
ავტორი