“უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას რადაში.
უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა ბ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს”, – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც “ასეთი აზრები უთამაშებთ თავში”, რაც რუსეთში სამხედრო არეულობის დროს გამოჩნდა. ინფორმაციისთვის,
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთთან, არაერთი ქვეყანა მოიგებს და მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ეს იქნება ძლიერი გზავნილი სამყაროსადმი, რომ ეს გამარჯვებულთა კავშირია და მორალური უპირატესობა აქვს.
ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს, ალიანსის წევრებმა გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთისკენ ყურება უნდა შეწყვიტონ.
“რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ უნდა გაექცეს სამართლიანობას იმის გამო, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, როგორც “სახელმწიფოს ლიდერებს”. ისინი არ არიან “სახელმწიფოს ლიდერები”, ისინი არიან ბანდიტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს კონტროლი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავხედურად იქცეოდნენ დაუსჯელობის გამო და დაიწყეს მთელი მსოფლიოს ტერორი.” _ თქვა ზელენსკიმ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას.