გერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო მოქალაქეობის შესახებ კანონის რეფორმირებას, რომლის შედეგადაც გერმანიის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. თუმცა ცვლილებები ჯერ არაა დამტკიცებული – მათ ბუნდესტაგი უნდა დაეთანხმოს.
რეფორმის პროექტი შემდეგ ცვლილებებს გულისხმობს:
- გერმანიის მოქალაქეობის მიღებისთვის ქვეყანაში ცხოვრების არა რვა, არამედ ხუთი წელი იქნება საჭირო;
- „ინტეგრაციაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნება სამ წელიწადში (ახლანდელი ექვსის ნაცვლად);
- გერმანიის მოქალაქეობის მსურველებს აღარ მოუწევთ არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმა;
მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება, რომ მსურველი პირი საკუთარ თავს და, არსებობის შემთხვევაში, ოჯახს, თავად უზრუნველყოფდეს და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე.
გარდა ამისა, მოქალაქეობას ვერ მიიღებენ პირები, რომლებსაც სიძულვილის (მაგალითად, ანტისემიტიზმის) ნიადაგზე აქვთ დანაშაული ჩადენილი.
მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივება ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის ფორმირების ერთ-ერთი პირობა იყო.