“მე არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან”,_ ასე გამოეხმაურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი მარცვლეულის მწარმოებლების მიერ გამოცხადებულ სახალხო პროტესტს უკრაინული პროდუქციის იმპორტის აღდგენასთან დაკავშირებით და მათთან შეხვედრაზე უარის თქმას.
ფერმერების არგუმენტებს პრემიერმა „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა.
დენკოვმა მარცვლეულის მწარმოებლებს ურჩია, უარი თქვან ევროპულ ფონდებზე და შემდეგ აკრძალონ უკრაინული საქონელი.
„ტრაქტორები, რომლებითაც სურთ გზების გადაკეტვა, ევროპული სახსრებით არის შეძენილი. ვერ იტყვიან, რომ ევროპას არ აინტერესებს, როცა სუბსიდიების და დახმარების სახით მიღებული თანხების უმეტესი ნაწილი ევროპულია. მე არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან“, – განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ფერმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციას, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთის ბლოკადას გეგმავენ.