ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის, თავდასხმას და მცდელობა იმისა, რომ დააბულინგოს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და ამგვარად გადააყენოს თანამდებობიდან – ასე ეხმაურება “ოცნების” ერთ ერთი ლიდერი მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ნათია თურნავასთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილმა თურნავას წარდგენისთვის დღეს ბოდიში მოიხადა და მას გადადგომისკენ მოუწოდა. მდინარაძის აზრით კი, ეს დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლაა.
“თან არგუმენტი მოიტანა, ჩემი წარდგენილიაო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში ალბათ რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი და მისი ქმედებები და მაშინ თავად უნდა გადადგეს” ამბობს მდინარაძე
შეგახსენებთ, ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ, “ქართული ოცნების” ლიდერები თავად ადანაშაულებდნენ სებ-ს კონსტიტუციის დარღვევაში. ამ თავდასხმების შემდეგ, თურნავამ გადაწყვეტილება სავარაუდოდ ერთპიროვნულად შეცვალა და სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.