ყარაბაღის რეგიონში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა თქვა, რომ დაშავებულების უმეტესობა “მძიმე ან უკიდურესად მძიმე” მდგომარეობაშია.
ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, უცნობია. მოსახლეობა მომხდარის დროს რიგში დგებოდა მანქანებისთვის საწვავის მისაღებად, რათა რეგიონი დაეტოვებინათ და სომხეთში გადასულიყვნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.
წინა კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სახლებს ტოვებს. სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ორშაბათის საღამოს მონაცემებით 6 500-ზე მეტი მთიანი ყარაბაღის მცხოვრები სომხეთში გადავიდა.