“საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც” – ამბობს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, სურს ნახოს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, რომ “მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის”.
“სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას”, – ამბობს დენიელ ფრიდი.
“ამერიკის ხმასთან” დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოსთვის კარგად არ გამოიყურებოდა და კარგია, რომ საბოლოოდ ეს ძალისხმევა ჩავარდა.
“საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ის ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვვევაში, ქართველი ხალხი არის ამ ეტაპზე. არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ლამის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა”, – ამბობს დევიდ კრამერი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცესი მხოლოდ ერთ-ერთი იყო არაერთ პრობლემურ გადაწყვეტილებებს შოირს, მათ შორის, “აგენტების” კანონის ინიცირიება, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უნგრეთის პრემიერთან პარტნიორობა, დასავლელი მეგობრების გაუცხოება და მათთან დაპირისპირება.
კრამერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც კრემლის მოქმედებათა სახელმძღვანელოს მიყოლა.
“ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი”, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა “ფსონს არასწორ ცხენზე დებს” და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება:
“საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს”.