ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავში მდებარე სასოფლო ამბულატორია ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის ცვლილებასა და მისი სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საკითხი, დუმბაძის სკვერის საკითხის მსგავსად აჟიოტაჟის საგანი გახდა.
ცნობისთვის, აღნიშნული საკითხი 30 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოისმინეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. კენჭისყრაზე, რომელსაც საკრებულოს 26 წევრი ესწრებოდა, საკითხს მხარი 21-მა დაუჭირა, 5-მა (მამუკა ბარამიძემ, არჩილ სიხარულიძემ, გოგი ბოლქვაძემ, ბაია ძნელაძემ, ვალერიან ჩხიკვაძემ) _ თავი შეიკავა.
რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციურ პარტია “ლელოს” ჩოხატაურელმა ლიდერმა მალხაზ ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ადგილი უკანონობას აქვს და მოუწევს ჩოხატაურის პირველ პირებს სასამართლოში დაუპირისპირდეს.
რატომ უნდა გადავიდეს ხიდისთავის ამბულატორია სახელმწიფო საკუთრებაში _ ამის შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს ესაუბრა.
“დუმბაძის სკვერის მსგავსი რამ არ ხდება და გასაკვირი არც არაფერი არის. ახალი ამბულატორია ავაშენეთ და გადავეცით ჰოლდინგს ანუ მუნიციპალიტეტმა გადასცა სახელმწიფოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ჰოლდინგი აგებს პასუხს ამბულატორიის მოვლა-პატრონობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ამბულატორიები შენდება ნაბეღლავსა და ბუკისციხეში და ადრე თუ გვიან, იქაც გახდება მსგავსი პროცედურის ჩატარება საჭირო. რადგან იმისთვის, რომ ჰოლდინგმა შეძლოს მასზე ზრუნვა, მიწა, სადაც ამბულატორია დგას, უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში და არა მუნიციპალიტეტის”,_ განაცხადა დავით შარაშიძემ.