პროკურატურა არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კოლეგის მიმართ ადევნების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.
სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 2.000 ლარი შეუფარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს”,_ აცხადებენ პროკურატურაში.