5-7 აპრილს, ოზურგეთში, აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთათვის ნამდვილი ზეიმი შედგა _ ჩვენს ქალაქს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი კემპო კარატეში და ასევე მსოფლიო ჩემპიონი გოჯუ-რიუ კარატეში, აზერბაიჯანის გოჯუ-რიუს ფედერაციის პრეზიდენტი თალხვერდ ალახვერდიევი ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ დელეგაციაში ასევე სპორტის ამ სახეობის ცნობილი წარმომადგენლები, მსოფლიო ჩემპიონები და დამსახურებული ადამიანები.
საერთაშორისო სემინარში, რომელიც ალახვერდიევმა აქ ჩაატარა, ჩართული იყვნენ სხვა ოფიციალური პირები. მათ შორის კი, მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე იყო საქართველოში კემპო-კარატეს წარმომადგენელი, ოზურგეთელი მწვრთნელი ირაკლი ტუღუში, რომელიც ათეული წლებია თავდადებით ემსახურება საყვარელ საქმეს.
საერთაშორისო სემინარს და სწავლებას დაესწრნენ სპორტულ-გამაჯანსაღებელი გაერთიანების აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტსმენები.
6 აპრილს , პირველ საჯარო სკოლაში , სემინარი კემპო კარატეში ჩატარდა, რასაც დიდი ინტერესი მოჰყვა. ხოლო 7 აპრილს კემპოს პრეზენტაცია და საპატიო სტუმრების წარდგენა გაიმართა.
ირაკლი ტუღუშმა საპატიო სტუმრების , ასევე მხარდამჭერთა მიმართ გამოთქვა დიდი მადლობა და გადასცა მათ საპატიო სიგელები და ჯილდოები.
წლების მანძილზე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის დაჯილდოვდა „გურია ნიუსი“ და ასევე გურიის რეგიონის მედიასაშუალებები.
,, ვიმედოვნებ, რომ წინ საინტერესო და დასამახსოვრებელი დღეები გველოდება , ყველაფერი კარგად ჩაივლის. წარმატებული დახვედრისა და ღონისძიების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში კემპოს საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ღია პირველობა გაიმართება ” – თქვა მწვრთნელმა ირაკლი ტუღუშმა.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საქართველოს კემპოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ტუღუშმა და მსოფლიო კემპოს ფედერაციამ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია,საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.
ვრცლად ამ საინტერესო სპორტის, აღმოსავლური ორთაბრძოლის სახეობის და მისი განვითარების შესახებ გურიაში, რისთვისაც თავდადებით იღწვის ირაკლი ტუღუში და უკვე სერიოზულ შედეგს მიაღწია, მალე გიამბობთ.
ავტორი