“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აცხადებს, რომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. ორგანიზაცია იხსენებს, რომ საქმეზე დასკვნითი პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ, მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო, 28 მარტისთვის გადაიდო, აღნიშნულ პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის კიდევ ერთხელ გადადება მოჰყვა.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.
“ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება და სხვისი ნივთის დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც მარტის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა – თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ ძველი საქმის „გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას, აღნიშნული ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა და საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!, თავისუფლება ლაზარეს!” გაიმართება. აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან და საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის კოდექსი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ: