ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა საფეხბურთო ნაკრების მოხვედრამ და იქ წარმატებულმა თამაშმა ქართულ ფეხბურთს საკმაოდ დიდი იმპულსი მისცა და დაინგრა ის სტერეოტიპი, როცა ჩვენი ფეხბურთელები თამაშს თამაშზე აგებდნენ და ასეთი პერმანენტული იმედგაცრუების ფონზე, გულშემატკივრებს იმედიც კი გადაეწურათ ჩვენი ფეხბურთი ძველ დიდებას ისევ რომ დაიბრუნებდა. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა _ პერსპექტიული თაობა გამოჩნდა, რომელთანაც სწორად მუშაობამ, შედეგი მალე გამოიღო.
ამ ფონზე მადა აღგვეძრა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველით, რაც სრულიად ლოგიკური იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, იმავეს ქალთა ფეხბურთში ვერც ვინატრებდით, იმდენად შორს ვიყავით წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებისგან და შედეგებიც კატასტროფული გვქონდა. თუმცა, გარკვეული აღმავლობა აქაც დაიწყო და ქართველმა გოგონებმა სულ რამდენიმე დღის წინ პატარა სასწაული მოახდინეს _ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს. ანუ ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, თუმცა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება _ კენჭისყრამ ურთულესი მეტოქე, ირლანდიის ნაკრები გვარგუნა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი ერთი თავით დაბლაა მრისხანე მეტოქესთან მიმართებაში და მართლა სასწაული იქნება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვდეს. თუმცა, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და იქნებ, გამოვიდეს…
ნაკრების ბოლო თამაშში “ლანჩხუთის” ერთბაშად 7 ფეხბურთელი გამოიძახეს _ ნინი ჩხარტიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ეროვნული ნაკრებისა და “ლანჩხუთის” ლიდერი ამბობს:
“ერთი წლის წინ, როცა ნაკრებში ახალი სტაფი მოვიდა, წავიკითხე პირველი შეკრებისთვის ფეხბურთელების სია და იქ მე არ ვეწერე. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე. საერთოდ აღარ მინდოდა თამაში და არც ნაკრებში ყოფნა. ახლა, რა თქმა უნდა, მეცინება, ასე რომ ვფიქრობდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, გვერდით მყავს ადამიანი _ რატი იმერლიშვილი და ადამიანები (ოჯახი), ვინც მოტივაცია მომცა და დამაფიქრა იმაზე, რომ უნდა გამეგრძელებინა შრომა და გამომესწორებინა ის შეცდომები, რაც მქონდა. ასევე, დიდი მადლობა ნაკრების ახალ მწვრთნელს, ირის ანტმანს, რომ სხვა თვალით დამანახა ფეხბურთი და ზოგადად, ქალთა ფეხბურთს ახალი ძალა და ჟინი შემატა.
დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ეს შევძელი და ჩემი მცირედი წვლილი შევიტანე ამ ისტორიულ გამარჯვებაში. ყველას მინდა გითხრათ, რომ თავი არ დაზოგოთ, ბევრი იშრომეთ, აუცილებლად დაგიფასდებათ _ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. შარშან ზუსტად ამ დღეს იმედგაცრუებული, თან ბედნიერი ვიჯექი სახლში და ვუყურებდი ნაკრების თამაშს, როცა სომხეთის ნაკრებს მოვუგეთ. იმედგაცრუება იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი და ბედნიერება კი იმიტომ, რომ ეს თამაში მოვიგეთ. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით და გჯეროდათ ჩვენი!… ჩვენ ვართ საქართველო!”
საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ლიეტუვის ნაკრებთან, სტუმრად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და მატჩის ბოლო წუთებში მოპოვებული პენალტის წყალობით 1:0 იმარჯვა. შედეგად ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. 2-რაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.
ლიეტუვასთან შეხვედრაში “ლანჩხუთის” 7 ფეხბურთელიდან მთელი თამაში ითამაშეს გვანცა ქადაგიშვილმა, მარიამ კალანდაძემ და ნინო ჩხარტიშვილმა; ირინა ხაბურზანია შეცვალეს, ხოლო სოფიკო ნარსია შეცვლაზე შევიდა. ეკა თაბაგარი მეკარის, თათია გაბუნიას შემცვლელად მოიაზრება და მარიამ კაპანაძესთან ერთად სათადარიგო სკამზე იჯდა.
რაც შეეხება თათია გაბუნიას, იგი ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის ექსფეხბურთელია. ის ჩოხატაურიდანაა და ბავშვობიდან თამაშობს ფეხბურთს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იგი გადავიდა თურქეთში და გააფორმა კონტრაქტი დიარბაკურში დაფუძნებულ კლუბ Amed SFK- თან. Amed SFK-ში მხოლოდ ერთი გამოჩენის შემდეგ, სახლში დაბრუნდა, ახლა კი საფეხბურთო კლუბ “კვარტალის” კარის დარაჯია.
თათია 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ აქ შეამჩნიეს და შემდეგ მოხვდა ლანჩხუთის “ლანჩხუთში”, კლუბიდან კი ეროვნულ ნაკრებში გადაიყვანეს.
“ჩემი შვილის ინტერესები ყოველთვის ჩემთვის პირველ ადგილზე იდგა. ოჯახის წევრებმა კარგად გავუგეთ თათიას და კიდევაც ვეხმარებოდით, რომ წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყო. საზოგადოებისგან უფრო იყო გზავნილები _ ფეხბურთი გოგოსთვის არ შეიძლებოდა. ხშირად გამიგია, რა ქალის საქმეა ფეხბურთიო, მაგრამ… დროის განმავლობაში ეს სტერეოტიპები დაიმსხვრა და როდესაც ჩემპიონთა ლიგაში გავიდნენ, ყველაზე მეტად ჩოხატაურში და ლანჩხუთში ზეიმობდნენ ამ ამბავს. თათია თემურ ჩხიკვიშვილმა შეამჩნია და მას დიდი წვლილი აქვს, რომ ჩემი შვილი ფეხბურთელია.
იყო მომენტი, როდესაც ჩემზე უფრო მამა დაუდგა გვერდში. თავიდან რომ იყო საუბარი ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, დიდი განხილვები გვქონდა ოჯახში. თათიას ისე უნდოდა და ისეთი მონდომებული იყო, ვერანაირი ძალა ვერ შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას. ცოტა “მიუღებელი” იყო იმ პერიოდში თათიას ფეხბურთელობა, მაგრამ ახლა, არ ვნანობთ, რომ მას გვერდით დავუდექით”, _ ამბობდა თათიას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.
“მამაჩემი, რომელიც ყველაზე მეტად მიკრძალავდა ფეხბურთის თამაშს, პირველი იყო, ვინ მითხრა _ წამოდი ფეხბურთი ვითამაშოთო. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ქალებს შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გამართლება არ იყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფეხბურთს ყურება არ მიყვარს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ, მაგრამ “გიჟი” მაყურებელი არ ვარ. უცნაური შეგრძნებაა, როცა ტრიბუნებიდან შენი სახელი და გვარი ისმის. უფრო მეტის გაკეთების სურვილს გიჩენს. გინდა იმაზე მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ…”, _ ამბობდა თათია.
ჩვენ ამ ეტაპზე თათია გაბუნიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, თუმცა, მალე დავუკავშირდებით და მასთან საინტერესო ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.
ავტორი